ლიტვის სეიმამ (პარლამენტი) აბსოლუტური უმრავლესობით (ოვერწჰელმინგლყ) დაამტკიცა კანონი "არასრულწლოვანთა საჯარო ინფორმაციის მავნე ზეგავლენისაგან დაცვის შესახებ", რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალობაზე და ბისექსუალობაზე საუბარი და ნებისმიერი სახით ინფორმაციის გავრცელება საჯარო სივრცეში, რომელიც არასრულწლოვანთათვის შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს, კანონით აიკრძალა. ამ კანონის მიხედვით ჰომოსექსუალობაზე საუბარი გაუთანაბრეს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის, გვამის ან დასახიჩრებული სხეულის ჩვენებასა და ისეთი სახის ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც იწვევს შიშს და კოშმარებს ან პოტენციურად თვითმკვლელობის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს. ევროპარლამენტმა მწვავე განცხადებები გააკეთა ამ ფაქტთან დაკავშირებით. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც დაგმო ამ კანონის მიღება იმისდა მიუხედავად, რომ სტრასბურგის სესიაზე მყოფი საქართველოს დეპუტაციიდან ამ განცხადებისათვის ხელი არავის მოუწერია. ევროპის ქვეყნებში ლიტვის საელჩოებთან საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოდან სამშობლოში დაბრუნებულმა პრეზიდენტმა ვალდას ადამკუსმა (Valdas Adamkus) თავისი საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე ამ კანონს ვეტო დაადო და სეიმას დაუბრუნა განსახილველად. სეიმამ ხმათა კიდევ უფრო დიდი რაოდენობით უკუაგდო პრეზიდენტის ვეტო და კანონზე ხელმოწერა უკვე ახლად არჩეულ ქალ პრეზიდენტს, დალია გრიბაუსკაიტეს (Dalia Grybauskaite) მოუწია, მისივე თქმით სინანულის გრძნობით.