საინიციატივო ჯგუფი Gay.ge და ფონდი "ინკლუზივი" აცხადებენ კონკურსს ღია ბარათების შექმნაზე, რომელის მიზანია ხელი შეუწყოს ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების თანასწორუფლებიანობას საქართველოში. კონკურსი ცხადდება ნიდერლანდების მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის - "პრევენცია და გაძლიერება ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში: სექსუალურ უმცირესობებს შორის აივ/შიდსის პრევენცია 2006-2010" ფარგლებში. საქართველოში პროექტს ახორციელებენ : Gay.ge, ფონდი "ინკლუზივი" და "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი". პროექტის საერთაშორისო პარტნიორები არიან "სი-ოუ-სი ნიდერლანდები" (ნიდერლანდური ეროვნული ლგბტ ასოციაცია), "გენდერ დოკ-მ" (მოლდოვის ლგბტ ორგანიზაცია) და "ილგა ევროპა" (ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანს და ინტერსექს ადამიანების საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპული რეგიონი).
Gay.ge-ს შესახებ:
Gay.ge 2002 წელს შეიქმნა და საქართველოში ლგბტ ჯგუფისათვის ნაციონალური ინტერნეტ პორტალის ფუნქციას ასრულებს. მისი მიზანია ლგბტ ჯგუფისა და მთელი საზოგადოების ინფორმირება და ჯგუფის საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. ვებ-გვერდზე განთავსებულია ახალი ამბები, სტატიები, დისკუსიები და სხვა.
ფონდი "ინკლუზივის" შესახებ:
ფონდი "ინკლუზივი" ნაციონალური ლგბტ ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა. ფონდი მხარს უჭერს ლგბტ ადამიანების თანასწორობისაკენ მიმართულ ინიციატივებს საქართველოში.
კონკურსის შესახებ:
ღია ბარათების კონკურსი სამ ძირითად თემატურ კატეგორიას მოიცავს:
1. თანასწორობა
2. მრავალფეროვნება
3. ჰომოფობია
თითოეულ კატოგორიაში შესაძლებელია შემდეგ თემებზე მუშაობა: სტიგმა, დისკრიმინაცია, ძალადობა, სიძულვილის ენა/სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, ადამიანის უფლებები, ქალთა უფლებები, ბავშვის უფლებები, ტრანსგერდერობა, აივ/შიდსის პრევენცია, სქესობრივი და რეპროდუქციული უფლებები, გარემოს დაცვის საკითხები, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანები, ასაკობრივი ჯგუფები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უკავშირდება ლგბტ ადამიანებს.
ღია ბარათების შესრულება შესაძლებელია ფოტო, გრაფიკული ან შერეული ტექნიკით. გრაფიკული კომპონენტების გარდა, ნამუშევარი უნდა შეიცავდეს კონცეფციას, მესიჯს, ან სლოგანს თემატური კატეგორიის შესაბამისად. ნამუშევრების შემოტანა შესაძლებელია ყველა თემატურ კატეგორიაში, თუმცა ცალკეული ნამუშევარი უნდა ეხმაურებოდეს ცალკე თემატურ კატეგორიას. ავტორებს შეუძლიათ ნამუშევრების შემოტანა ყველა ჩამოთვლილ კატეგორიაში.
ფორმატი:
ნამუშევრები გამოიყენება ღია ბარათების საბეჭდად, თუმცა შესაძლებელია საჭირო იყოს უფრო დიდი ფორმატით ბეჭდვისთვისაც. ნამუშევრები მიიღება ელექტრონულად 2 ფორმატში: JPEG (მცირე მოცულობის, ვებ-გვერდზე დასათვალიერებლად – მაქსიმალური ზომა 250 კბ) და დიდი გაფართოების საბეჭდი ხარისხის PDF ფაილები (მაქსიმალური ზომა 5 მბ). თითოეული ნამუშევარი ორივე ფორმატში უნდა იქნას მოწოდებული. მოწოდებული ფაილების მინიმალური ზომა უნდა შეესაბამებოდეს A5 ფორმატით ბეჭდვას, მაქსიმალური A3-სას (ნამუშევრები შეიძლება შესრულებული იყოს როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური ორიენტაციით). ნამუშევრები უნდა იყოს 300 DPI გაფართოებით ფერების CMYK სისტემაში შესრულებული. საჭიროების შემთხვევაში კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ ორიგინალური რედაქტირებადი ფაილი.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა:
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პიროვნებას, ორგანიზაციას თუ კომპანიას მიუხედავად ლგბტ საკითხებზე მუშაობის გამოცდილებისა.
პრიზები:
მიღებულ ნამუშევრებს აფასებს პროფესიონალური ჟიური, რომელიც შედგება ფოტოხელვანების, გრაფიკული დიზაინერების, Gay.ge-ის, ფონდ "ინკლუზივის", "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" წარმომადგენლებისა და სხვა დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან.
ჟიურის მიერ გამოვლინდება ორი გამარჯვებული ნამუშევარი თითოეულ კატეგორიაში:
პირველი ადგილი - ფულადი პრიზი 300 ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში (მთლიანობაში სამი გამარჯვებული – თითო ყოველ კატეგორიაში);
მეორე ადგილი - ფულადი პრიზი 150 ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში (მთლიანობაში სამი გამარჯვებული – თითო ყოველ კატეგორიაში);
პროფესიონალური ჟიურის მიერ ნამუშევრების შერჩევის პარალელურად, ყველა ნამუშევარი შესაფასებლად განთავსდება ვებ-გვერდზე (www.gay.ge) ერთი კვირის განმავლობაში. ამ შემთხვევაში ინტერნეტ-კონკურსის შედეგები მომხმარებლების მიერ ხმის მიცემაზე იქნება დამოკიდებული. თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებული ნამუშევრის ავტორი მიიღებს ფულად პრიზს 50 ევროს ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. ჟიურის მიერ გამოვლენილი ნამუშევრები შეიძლება ინტერნეტმომხმარებელთა არჩევანს ემთხვოდეს. ასეთ შემთხვევაში ნამუშევრის ავტორს გადაეცემა ორივე პრიზი.
შენიშვნა: ყველა ფულადი პრიზი ექვემდებარება 12%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, რომელსაც ფონდი "ინკლუზივი" განახორციელებს.
საავტორო უფლებები:
Gay.ge, ფონდი "ინკლუზივი" და "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" ავტომატურად ხდებიან საავტორო უფლებების მფლობელი ყველა ნამუშევარზე მათი ორგანიზატორების მიერ მიღების მომენტიდან. მიუხედავად კონკურსის შედეგებისა, ორგანიზატორებს ექნებათ მიღებული ნამუშევრების მთლიანად ან მათი ფრაგმენტის გამოყენების უფლება სამომავლოდ დაგეგმილ გამოცემებში, ავტორებისაგან ნებართვის მოთხოვნის გარეშე, თუმცა ავტორთა ვინაობა წერილობით იქნება დაფიქსირებული. ავტორებს თავის მხრივ, საშუალება ექნებათ გამოიყენონ კონკურსში მონაწილე ნამუშევრები ორგანიზატორების მიერ გაცემული წერილობითი ნებართვის საფუძველზე. ეს პირობა მოცემულია არა ნამუშევრების სხვა მიზნებისათვის გამოყენების აკრძალვით, არამედ კონკურსის გრძელვადიანი შედეგების შეფასებისათვის ინფორმაციის მოპოვების მიზნით. მესამე პირებისა და სხვა გამომცემლობების მიერ ნამუშევრების რეპროდუქციისას აუცილებელია წერილობითი ინფორმაციის დართვა კონკურსისა და მისი მიზნების შესახებ იმ ფორმით, რომელიც მოცემულია ამ განცხადებაში.
გავრცელება:
ნებისმიერი ნამუშევარი (მიუხედავად კონკურსის შედეგებისა) შეიძლება გამოყენებულ იქნას საბეჭდად და ელექტრონულად ორგანიზატორთა მიერ. კონკურსში ნამუშევრის გამარჯვება არ ავალდებულებს ორგანიზატორებს ამ ნამუშევრის ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით გამოყენებას, ხოლო ნამუშევრის ამა თუ იმ ფორმით გამოყენების გადაწყვეტილება არ არის დამოკიდებული კონკურსის შედეგებზე (შესაძლებელია, გამარჯვებული ნამუშევარი არ იყოს გამოყენებული და პირიქით, არაგამარჯვებული ნამუშევრის დაბეჭდვის ან ინტერნეტით გამოყენების საჭიროება გაჩნდეს).
მნიშვნელოვანი თარიღები:
2009 წლის 9 ნოემბერი – კონკურსი გახსნილად ცხადდება;
24 ნოემბერი 18:00 საათი – კონკურსის დასრულება (ამ დროზე გვიან შემოსული ნამუშევრები არ იქნება საკონკურსოდ განხილული);
1 დეკემბერი – კონკურსის შედეგების გამოცხადება (ინტერნეტით შედეგების დაფიქსირებას შესაძლებელია რამდენიმე დღე დასჭირდეს).
ყველა ფულადი პრიზი გაიცემა 2009 წლის 11 დეკემრამდე.
ნამუშევრების შემოტანის წესი:
ნამუშევრები მიიღება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე - pc2009@gay.ge 2009 წლის, 24 ნოემბრის 18:00 საათამდე თბილისის დროით. მისასალმებელია ავტორთა მიერ ნამუშევრების კონცეფციის მოკლე თხრობითი აღწერაც (არაუმეტეს 200 სიტყვისა). კონკურსის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება შესაძლებელია ზემოთ მოცემული ელექტრონული ფოსტის მეშევეობით. ორგანიზატორები არ ახორციელებენ სატელეფონო ან პირად კონსულტაციებს.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსის მონაწილეებს შეუძლიათ ეწვიონ ორგანიზატორთა ვებ-გვერდებს თემის გარშემო დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად:
www.gay.ge / v1.lesbi.ge
www.inclusive-foundation.org
www.women.ge / www.minority.ge
|